პუტინი: ხელის შეშლის ნაცვლად, ევროპელები უკრაინაში მშვიდობის მიღწევისკენ მიმართულ მუშაობას უნდა შეუერთდნენ
„ჩვენ დავამყარებთ კონტროლს დონბასსა და ნოვოროსიაზე“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი
„ხელის შეშლის ნაცვლად, ევროპელები უკრაინაში მშვიდობის მიღწევის პროცესში უნდა იყვნენ ჩართულნი“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაზეთ „ინდია თუდეისთან“ ინტერვიუში, რომელიც ნიუ დელიში მის ვიზიტს უძღოდა წინ და დღეს გამოქვეყნდა.
„სამხედრო თუ სხვა საშუალებებით, ჩვენ დავამყარებთ კონტროლს დონბასსა და ნოვოროსიაზე [რედ. - უკრაინის სამხრეთ ნაწილზე, ოდესის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების ჩათვლით]“, - აღნიშნა მან.
„მოსკოვმა კიევს დონბასიდან ჯარების გაყვანა შესთავაზა. კიევს ეს შეთავაზება რომ მიეღო, მაშინ სამხედრო კონფლიქტი არ მოხდებოდა, მაგრამ უკრაინამ ბრძოლა ამჯობინა“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ინდურ გამოცემასთან ინტერვიუში.
„ჩვენ ვუთხარით უკრაინელებს: ხალხს არ სურს თქვენთან ცხოვრება, ადამიანები მივიდნენ რეფერენდუმზე და დამოუკიდებლობას მისცეს ხმა. ამიტომ, გაიყვანეთ ჯარები და საომარი მოქმედებები არ იქნება. მაგრამ არა - მათ ომი ამჯობინეს. ჰოდა, აი, ახლაც იბრძვიან“, - ნათქვამია ინტერვიუს ამონარიდში, რომელსაც რუსული სახელმწიფო სააგენტო „ტასს“-ი ციტირებს.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მისი შეხვედრა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან „ძალიან სასარგებლო“ იყო.
„ჩვენი მოლაპარაკებები ეფუძნებოდა იმ წინადადებებს, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპთან ანკორიჯში (ალასკა) განვიხილეთ“, - განუცხადა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა „ინდია თუდეის“.