სერია A-ში დაჩი ლორთქიფანიძის დებიუტი შედგა - ის მერვე ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში ითამაშა
იტალიის სერია A-ში კიდევ ერთ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა, 20 წლის დაჩი ლორთქიფანიძემ ითამაშა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი „კრემონეზესა“ და „უდინეზეს“ მატჩის დროს კრემონელთა შემადგენლობაში მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა. აღნიშნული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ის მერვე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძის, ხვიჩა კვარაცხელიას, ლევან მჭედლიძის, საბა საზონოვის, საბა გოგლიჩიძის, გიორგი კვერნაძისა და ლუკა ლოჩოშვილის შემდეგ, რომელმაც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში, სერია A-ში ითამაშა.
ლორთქიფანიძემ ანალიტიკური პორტალ Sofascore-სგან 6.5 ქულა დაიმსახურა. მისი გამოჩენის შემდეგ შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა.
20 წლის საყრდენი ნახევარმცველი თბილისშია დაბადებული. ვარჯიშობდა „ჩემპიონში“, „დინამო თბილისისა“ და „იბერიის“ აკადემიებში, ცხრა წლის ასაკში კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა, სადაც ჯერ „ატალანტას“ აკადემიაში ვარჯიშობდა, ბოლო წლებში კი „კრემონეზეში“ გადავიდა, სადაც „კრემონეზე პრიმავერას“ (სარეზერვო გუნდი) კაპიტანი გახდა.
დაჩიმ იტალიურ კლუბთან პროფესიული კონტრაქტი 2024 წლის ბოლოს გააფორმა, რომლის მიხედვითაც, „კრემონეზეში“ 2027 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
აღსანიშნავია, რომ „უდინეზეს“ რიგებში თამაშობდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა, მისი თამაში კი 7.5 ქულით შეფასდა.
ამ მომენტისთვის „კრემონეზე“ იტალიის ჩემპიონატში 10 ქულით მე-10 ადგილზეა, ხოლო „უდინეზე“ 9 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.