ალთა ფეხბურთში დასრულდა 2024-25 წლების ერთა ლიგის გათამაშება. ტრიუმფატორი გახდა ესპანეთის ნაკრები, რომელმაც თავის ისტორიაში მესამე დიდი ტიტული მოიგო.
ეს იყო ქალთა შორის ერთა ლიგის მეორე გათამაშება. წინასგან განსხვავებით, ამჯერად ფინალი ორმატჩიანი იყო და მასში ერთმანეთს ესპანეთი და გერმანია შეხვდნენ. პირველი შეხვედრა კაიზერსლაუტერნში 0:0 დასრულდა, განმეორებით მატჩში კი, რომელიც „ატლეტიკოს“ სტადიონ „მეტროპოლიტანოზე“ გაიმართა და 55 ათასი მაყურებელი დაესწრო, ესპანეთმა 3:0 მოიგო.
გადამწყვეტ მატჩში დუბლი შეასრულა კლაუდია პინამ, კიდევ ერთი გოლი ვიკი ლოპესმა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთი „ოქროს ბურთის“ სამგზის მფლობელის აიტანა ბონმატის გარეშე თამაშობდა, რომელმაც განმეორებით მატჩამდე ფეხი მოიტეხა და ხუთი თვე ვერ ითამაშებს.
კლაუდია პინამ ფინალის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო. მან ტურნირი 6 გოლით დაასრულა, საუკეთესო ბომბარდირი კი ბელგიელი ტესა ვულარტი გახდა 8 გოლით. მთლიანად ტურნირის MVP-ის ჯილდო ესპანელმა ალექსია პუტეიასმა მოიპოვა.
ბრინჯაოს მედალი საფრანგეთმა მოიგო, რომელმაც ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა შვედეთის ნაკრები.