ანდრეი სიბიგა - არასამართლიან სამშვიდობო შეთანხმებებს მხოლოდ ახალი კატასტროფები მოჰყვება, ჩვენ გვჭირდება ნამდვილი მშვიდობა და არა დამშვიდება
არასამართლიან სამშვიდობო შეთანხმებებს მხოლოდ ახალი კატასტროფები მოჰყვება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც სიბიგამ განაცხადა, უკრაინას სჭირდება ნამდვილი მშვიდობა და არა დამშვიდება.
ანდრეი სიბიგამ უკრაინისთვის უსაფრთხოების რეალური გარანტიების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ახლა არის სამშვიდობო ძალისხმევის დაჩქარების შესაძლებლობა.
სიბიგამ მადლობა გადაუხადა აშშ-ს სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობისთვის და ამავე დროს აღნიშნა, რომ მშვიდობა უნდა იყოს მდგრადი.
„წარსულში ევროპას ძალიან ბევრი უსამართლო სამშვიდობო შეთანხმება დაუდია და ყველა მათგანს მხოლოდ ახალი კატასტროფები მოჰყვებოდა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ჰელსინკის შეთანხმებისადმი ერთგულების დადასტურება, როდესაც მივისწრაფვით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სამართლიანი დასრულებისკენ“, – განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.
მინისტრმა მოუწოდა ეუთო-ს, შეაჩეროს სისხლისღვრა უკრაინაში, რათა ის არ გავრცელდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ, ევროპაში.
„ჩვენ ამ დრომდე გვახსოვს მათი სახელები, ვინც უღალატეს მომავალ თაობებს მიუნხენში. ეს არასდროს უნდა განმეორდეს. პრინციპი უნდა იყოს ხელშეუხებელი. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი მშვიდობა და არა დამშვიდება“ , – განაცხადა სიბიგამ.
საფრანგეთს, იტალიას, გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიას შორის გაფორმებული 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებით, ჰიტლერის გერმანიას ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქი გადაეცა.