სიმართლის დამდგენი კომისია ფინეთს საამების მიმართ ჩადენილი უსამართლობების გამოსწორებისკენ მოუწოდებს

სიმართლის დამდგენი კომისია ფინეთს საამების მიმართ ჩადენილი უსამართლობების გამოსწორებისკენ მოუწოდებს

4 ოქტომბერს, ფინეთის სიმართლის დამდგენი და შერიგების კომისია გამოვიდა მოწოდებით, რომ ქვეყანამ მკვიდრი მოსახლეობის, საამის ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ისტორიული უსამართლობები გამოასწოროს. კომისიამ ოთხწლიანი მუშაობა საბოლოო ანგარიშის მომზადებით დაასრულა. მან ჩვენებები თითქმის 400 საამელისა და ათობით ექსპერტისგან შეაგროვა, რის შედეგად გამოვლინდა დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის - ასიმილაციის პოლიტიკა, რომელსაც ფინეთის სახელმწიფო ახორციელებდა. XX საუკუნის ბოლომდე საამელ ბავშვებს ოჯახებს აშორებდნენ და სკოლა-ინტერნატებში ათავსებდნენ, სადაც მათ მშობლიურ ენაზე საუბარი და საკუთარი კულტურისა და ტრადიციული საქმიანობის მიყოლა ეკრძალებოდათ. კომისიამ საბოლოო ანგარიში პრემიერ-მინისტრსა და საამელი ხალხის წარმომადგენლებს ხუთშაბათს წარუდგინა.

ფინეთს საამელი ხალხისთვის ოფიციალურად ბოდიში ჯერ არ მოუხდია, თუმცა პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩემთვის ნათელია, რომ ბოდიში უნდა მოვიხადოთ“. დედამიწაზე მცხოვრები 75 -100 ათასი საამელიდან ფინეთში დაახლოებით 10 000 ცხოვრობს. დანარჩენები მიმოფანტულნი არიან ისტორიულ სამშობლოში, რომელიც, ფინეთის გარდა, მოიცავს შვედეთისა და ნორვეგიის ტერიტორიებს, ასევე რუსეთის შემადგენლობაში შემავალ კოლის ნახევარკუნძულს. მათ კულტურას და ენას ღრმად აქვს გადგმული ფესვები ისეთ ტრადიციულ საქმიანობებში, როგორიცაა მეირმეობა, მეთევზეობა, შემგროვებლობა და ხელოსნობა. ფინეთში საამი ენის სამ ვარიანტზე საუბრობენ. ესენია: ჩრდილოური საამი, ინარი საამი და სკოლტ საამი.

„მეზობელი შვედეთისა და ნორვეგიისგან განსხვავებით, ასიმილაციის პოლიტიკა ფინეთის კანონმდებლობაში გაწერილი არ ყოფილა, თუმცა საბოლოო შედეგი იგივე იყო“, - განუცხადა სააგენტო „ფრანს პრესს“ სიმართლის დადგენისა და შერიგების კომისიის თავმჯდომარემ, ჰანელე პოკამ. კომისიამ თავის ანგარიშში ასევე აღნიშნა, რომ „ისტორიულ უსამართლობებზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს“ და აღიაროს, რომ ქვეყანა „ორი ხალხის, საამებისა და ფინელების მიწებზე დაფუძნდა“.

ანგარიშის თანახმად, დღეს საამელი ხალხი კლიმატის ცვლილებითა და არქტიკის რეგიონის მიწათსარგებლობის სექტორში არსებული კონკურენციით გამოწვეულ სირთულეებს აწყდება. ასევე, სრულად არ არის დაცული მათი, როგორც მკვიდრი მოსახლეობის უფლებები. კომისიამ შეიმუშავა 68 რეკომანდაცია, რომელიც მოიცავს სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ცვლილებებს, რათა საამელ ხალხს „კარგი მომავალი“ ჰქონდეს. პოკა იმედოვნებს, რომ ფინეთის მთავრობა დროულად იმოქმედებს. სხვა საკითხებთან ერთად, კომისიამ მთავრობას მოუწოდა, მიიღოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია მკვიდრი და ტომობრივი ხალხების შესახებ, შეიმუშაოს კანონმდებლობა მეირმეობის მოსაწესრიგებლად და პრემიერ-მინისტრის ოფისში შექმნას საამების საქმეთა საკოორდინაციო განყოფილება.

ბოლო წლებში, სიმართლის დადგენისა და შერიგების კომისიებმა ავსტრალიაში, კანადასა და სკანდინავიის სხვადასხვა ქვეყანაში მკვიდრი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დარღვევები და დისკრიმინაცია გამოავლინეს.

0 კომენტარი

საიტზე კომენტარის დასაწერად უნდა გაიარო რეგისტრაცია!